logo
ENG



"ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი, გვინდა გრძელვადიანი მეგობრობა" - ღარიბაშვილი ალიევს შეხვდა

08 ოქტ 202314:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/08/kva635km8tkhga4.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანის "სტრატეგიულ პარტნიორობაზე" და თქვა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ყველა სფეროში წარმატებულია.

"გვქონდა საუბარი ვაჭრობა-ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით, თანამშრომლობის საკითხები მიმოვიხილეთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის საკითხებში. აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში, ტოპ 5-ეულში არის ბოლო წელს, წელს ვაჭრობა 15%-ით გაიზარდა, ასევე, გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა, მოცულობა. ზოგადად, ჩვენ, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ ყველა საკითხში.

ჩვენ მიმოვიხილეთ შუა კორიდორის განვითარების პერსპექტივები, იცით, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარება, რომელიც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზების მოდერნიზაციას და განვითარებას. ამ მხრივ, დაწყებული გვაქვს სამუშაოები, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს.

ჩვენ, ასევე, ვიწყებთ ძალიან მალე ახალი პორტის მშენებლობას, ანაკლიის პორტის მშენებლობას, ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა იქნება 100 მლნ ტონა. ასევე, დასრულდება ძალიან მალე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან.

ასევე, რამდენიმე თვეში დასრულდება კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტო, ბაქო-თბილისის-ყარსის პროექტი. ასე რომ, ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი, ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე და მან ალიევს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აზერბაიჯანის სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა. ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ძალიან მალე სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება, რაც სამხრეთ კავკასიაში "გრძელვადიანი მშვიდობის" დამყარებას შეუწყობს ხელს.

პრემიერმინისტრის თქმით, ამ პროცესში საქართველოს ნეიტრალური პოზიცია უკავია და მზად არის, მედიაციის პროცესში მონაწილეობა მიიღოს.

"ჩვენი მომავალი უნდა იყოს სტაბილური, მშვიდობიანი და სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება", - განაცხადა მან.


close დახურვა